ნოდარ ჩაჩანიძე (1929-1998)

საქართველოს სახალხო არტისტი.

დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1954 წელს. 1955-1957 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის მსახიობი. 1957 წლიდან ა. წერეთლის სახელობის ჭიათურის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები. მათ შორის აღსანიშნავია: საბა (გ. ხუხაშვილის "ცხოვრება კაცისა"), ხარიტონი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), კირილე, ოტია ქამუშაძე (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", "ქამუშაძის გაჭირვება"), ჟამთაბერი (გ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), გოროდნიჩი (გოგოლის "რევიზორი"), ნოდარი (ა. ბელიაშვილის "შვიდკაცა"), გიორგი (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "სამანიშვილის დედინაცვალი" (კირილე), "ბათა ქექია" (ბათა) და სხვა.

დაკრძალულია ქალაქ ჭიათურაში. საფლავის ფოტოები მოგვაწოდეს ჭიათურის გიორგი ნუცუბიძის სახელობის თეატრალური მუზეუმის თანამშრომლებმა თინათინ გოცაძემ და მაკა გოგატიშვილმა, რისთვისაც  ვუხდით მადლობას.