აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მაკარი ბურჭულაძე (1899-1921)

იუნკერი, კოჯორში დაღუპული გმირი. 1918 წელს, თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ არ დაუმთავრებია. 1921 წელს სამშობლოში დაბრუნდა, საარტილერიო ნაწილში ჩაირიცხა და მტერს კოჯორთან დახვდა. აი რას წერდა იგი მამას ფრონტიდან: “უსაშინლესი ჯოჯოხეთია. რუსები უმოწყალოდ გვიტევენ ცეცხლითა და მახვილით. თავის წამოწევა არ შეიძლება. ტყვიამფრქვევი ცელავს ყველაფერს, ჩვენ კი ვაზნები გამოგველია. შევსება არ ჩანს. მეორე დღეა, ლუკმა არ აგვიღია. რა ლომივით ბიჭები დაეცნენ, ძნელია ატანა. მამა, შენ ხომ იცი ჩემი ხასიათი. საქართველოს მტრების სიძულვილი შენ ჩამინერგე ბავშვობიდანვე. საფუძვლიანად კი რუსეთში ყოფნისას შემძულდა იგი. ჯერჯერობით ცოცხალი ვარ, ვნახოთ რას მოიტანს მომავალი. იარაღი გვინდა, იარაღი! ცარიელი ხელებით რა უნდა გააკეთო. იყინება ყველაფერი. ქარბუქი ძვალსა და რბილში გადის. ტანსაცმელი მაინც გვქონდეს შესაფერი. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ. დედას ეს წერილი არ წაუკითხო! გარედანაც ვაწერ გაფრთხილებას. არ დამიჯერებ, როცა გიამბობ, რა გასაჭირს ვიტან სამშობლოსთვის. შენი მაკარი, 22 თებერვალი, 1921 წელი”. ორი დღის შემდეგ შეუპოვარ გმირს გულში ტყვია მოხვდა, რომელმაც ჯერ ჯიბეში შენახული დედის ფოტოსურათი გახვრიტა, თითქოს დედა შვილს წინ გადაეფარაო. მაკარის ოჯახს გვერდით მთელი სოფელი ამოუდგა. სეფე ბურჭულაძის ვაჟი ვლადიმერი კი მაკარის მამას ცხედრის მოსაძებნადაც გაჰყვა. იუნკერთა გაყინული სხეულები ძნელი ამოსაცნობი გამხდარიყო, მაგრამ მაკარი დედის ფოტოსურათით იცნეს და სოფელში გადაასვენეს. სამშობლოსათვის თავდადებული დიდი პატივით დაკრძალეს. მადლიერმა თანასოფლელებმა გმირს სამმეტრიანი ობელისკიც დაადგეს, რომლის პატარა საცავში, როგორც რელიქვია, შეინახეს იუნკერის სისხლიანი ტანსაცმელი, წერილები და დედის ნატყვიარი ფოტოსურათი. დაკრძალულია ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამების ეკლესიის ეზოში.

“1899 / 5 / I – 1921 / 24 / II. აქ განისვენებს სტუდენტი მაკარ სოლომონის ძე ბურჭულაძე, რომელიც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე კოჯორი-ტაბახმელას მიმართულებით სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. დაუვიწყარი იქნება მისი სახელი”