აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ივანე ნიკურაძე (1894-1979)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰიდროდინამიკის სპეციალისტი. ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1917 წელს. 1918 სწავლა დაიწყო თბილისში ახლად გახსნილი ქართული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის, რეკომენდაციითა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური თანადგომით, თავის უმცროს ძმასთან ერთად, გაიგზავნა გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად. ცხოვრობდა გიოტინგენში. იყო თანამედროვე ჰიდროდინამიკისა და აეროდინამიკის ფუძემდებლის, ლუდვიგ პრანდტლის, გამორჩეული მოწაფე. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ მიიღო გერმანიის მოქალაქეობა. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქიმიის სპეციალობით 1923 წელს. მუშაობდა კაიზერ ვილჰელმის (ამჟამად — მაქს პლანკის) სახელობის ჰიდრავლიკურ კვლევათა და დინამიკის ინსტიტუტში, სადაც მოგვიანებით ხელმძღვანელობდა განყოფილებას (1934 წლამდე). ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. მისი ნაშრომები იბეჭდებოდა გერმანიაში გამომავალ ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში (ზოგჯერ თავისი ძმის, ალექსანდრე ნიკურაძის, თანაავტორობით). შექმნა სახელმძღვანელო ჰიდრომექანიკაში, გამოიკვლია სითხის ლამინარული და ტურბულენტური დინება, რეინოლდსის რიცხვის დიდი მნიშვნელობისათვის მიიღო ჰიდროდინამიკური წინაღობის კოეფიციენტის ემპირიული ფორმულა, რომელსაც მისი სახელი მიანიჭეს. მისი სახელი ასევე ეწოდება დიაგრამებსა და მრუდეებს, რომლებიც ჰიდრავლიკაში გამოიყენება. პროფესორად მოღვაწეობდა ჯერ ბრესლაუს უნივერსიტეტში (1945 წლამდე), ხოლო შემდეგ აახენის უნივერსიტეტში. დაკრძალულია საუნივერსიტეტო ქალაქ გოტტინგენის სასაფლაოზე. საფლავი საკმაოდ რთული საპოვნელია, ის მთლიანად ბუჩქებსა და ხეებს შორისაა. სიახლოვეს სხვა საფლავები არ არის. ნიკურაძე განისვენებს მეუღლესა და მის მშობლებთან ერთად. საფლავის ფოტო და სასაფლაოს სქემა მოგვაწოდა ბატონმა ლევან ხიზანიშვილმა, რისთვისაც ვუხდი უღრმეს მადლობას.

გოტინგემის უნივერსიტეტის სასაფლაოს სქემა, მონიშნულია ადგილი, სადაც განისვენებს ივანე ნიკურაძე