აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სოლომონ ლიონიძე (1754-1811)

დიპლომატი, მეფე ერეკლეს მდივანი. "გეორგიევსკის ტრაქტატის" ერთ-ერთი ავტორი. განათლება მიიღო თელავის სამეფო კარის სკოლაში. იგი იბრძოდა საქართველოს გაერთიანებისათვის, მონაწილეობდა ჩვენი სამეფოების საშინაო და საგარეო საქმეებში, ზრუნავდა ქართველი ხალხის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერებისათვის და ხელს უწყობდა ჩვენი ეროვნული კულტურის განვითარებას. მისი უშუალო მონაწილეობით შემზადდა, გაფორმდა და ძალაში შევიდა გეორგიევსკის ტრაქტატი საქართველოსა და რუსეთს შორის. მან მოამზადა 1790 წ. ივერიელ მეფე-მთავართა ტრაქტატის შექმნა; ეს ტრაქტატი კი წარმოადგენდა მნიშვნელოვან ნაბიჯს დაშლილი ქვეყნის გაერთიანებისაკენ. 1790 წელს სოლომონ ლიონიძის აქტიური ჩარევით დაისვა და დამუშავდა საკითხი საქართველოს დაქსაქსული სამეფო-სამთავროების შეკავშირება-შეერთებისა და დაიდო უზენაეს ხელისუფალთა საკავშირო ხელშეკრულება. 1801 წელს სოლომონ ლიონიძე დააპატიმრეს. 1802 წლიდან იგი იმერეთში გადადის. სოლომონ მეორის სამეფო კარზე ის დიდი პატივით იყო მიღებული. 1803 წელს იმერეთის მეფე აძლევს სოლომონ ლიონიძეს ელჩის რწმუნებას და დიპლომატიური მისიით მიავლენს რუსეთში, ალექსანდრე პირველის კარზე. 1804 წელს სოლომონ ლიონიძე პეტერბურგიდან ბრუნდება იმერეთში. ის ერთხანს სამეფო საქმეებს ასრულებს და 1810 წელს - იმერეთის რუსეთთან შეერთებისა და სოლომონ მეორის თურქეთში გაქცევის შემდეგ - ისიც მეფის კვალს გაჰყვება და ქ. ახალციხეში გადაიხვეწება. დაკრძალულია ახალციხის კათოლიკური მონასტრის ეზოში.