აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვლადიმერ გოგუაძე (1880-1954)

სამხედრო პირი, 1918 წელს მიენიჭა "ეროვნული გმირის" წოდება. 1918-1921 წლებში ვალოდია გოგუაძე იყო საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლის მეთაური. დამოუკიდებლობის პერიოდში, როცა საქართველოს ყოველი მხრიდან უტევდნენ, გოგუაძის ჯავშანმატარებლები იცავდნენ სამშობლოს საზღვრებს შიდა თუ გარე მტრებისაგან. მასთან ერთად იბრძოდნენ მისი ძმები: ნოე, მელენტი და ალფესი - რომელიც ერთ-ერთი ჯავშნოსანს მეთაურობდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯავშანმატარებელთა რაზმში ირიცხებოდა ვალოდიას ცოლი ნამეტია ბერძენიშვილი, რომელიც პირველი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, მაგრამ იმდენად შეუყვარდა მასზე 11 წლით უფროსი რაინდი, რომ სწავლა მიატოვა და 1919 წლიდან მეუღლესთან ერთად ფაქტობრივად ჯავშანმატარებელზე ცხოვრობდა. ჯავშნოსანი მატარებლის მეშვეობით მოხერხდა პირველი მსოფლიო ომის ფრონტიდან მობრუნებული რუსეთის 200 ათასი ჯარისკაცით სავსე ეშელონების თბილისისთვის არიდება და აზერბაიჯანში გადაყვანა. განსაკუთრებული გმირობა გოგუაძის რაზმმა გამოიჩინა 1918 წლის იანვარ-მარტში აჭარასა და გურიაში შეჭრილი ოსმალეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1918 წ. 13 აპრილს ამიერკავკასიის საოლქო დელეგატების სხდომაზე ნოე ჟორდანიას, ირაკლი წერეთლის და ევგენი გეგეჭკორის წარდგინებით ოსმალური სამხედრო შენაერთების მდინარე ჩოლოქზე შეჩერების გამო, გოგუაძე ეროვნულ გმირად აღიარეს. ყრილობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება - გოგუაძისთვის „რევოლუციის პირველი გმირის“ წოდების მინიჭების შესახებ. გოგუაძე ჯავშნოსანი მატარებელით მონაწილეობდა მთელ რიგ სამხედრო ოპერაციებში. მათ შორის, სამხედრო ნაწილების ამბოხების ჩახშობაში ქუთაისსა და თელავში (1918 წ. თებერვალი), ბორჩალოს მაზრაში (1918 წ. ივნისი), სომხეთთან ომში (1918 წ. დეკემბერი). სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის დროს გოგუაძე დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენით. საბჭოთა რუსეთთან ბრძოლებში (1921 წლის თებერვალი) მძიმედ დაჭრილი ვალოდია მეგობრებმა სტამბულში წაიყვანეს, სადაც ის ფრანგულ ჰოსპიტალში მკურნალობდა. ჯავშანმატარებლის ლეგენდარული მეთაური 1954 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 74 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ნეშტი ლევილის ქართველთა სასაფლაოს მიაბარეს.