აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ჯემალ გოგიტიძე (1933-1996)

იუსტიციის პოლკოვნიკი (16.II.1978), იუსტიციის უფროსი მრჩეველი (27.VII.1989), ეროვნული სამხედრო პროკურატურის ფუძემდებელი.

დაიბადა ქ.ტფილისში. 1940-1951 წლებში სწავლობდა თბილისის ვაჟთა № 24-ე საშუალო სკოლაში. 1951 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუშად რუსთავის ი.სტალინის სახ. მეტალურგიულ ქარხანაში. 1952-1955 წლებში სწავლობდა თბილისის სამხედრო სასწავლებელში. 1955-1965 წლებში მსახურობდა მსროლელი ოცეულის მეთაურად, მსროლელი ასეულის მეთაურის მოადგილედ, ასეულის მეთაურის მოადგილედ, მსროლელი ასეულის მეთაურად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში. 1960 - 1966 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (საღამოს დასწრებულზე). 1965-1988 წლებში მსახურობდა სამხედრო იუსტიციის ორგანოებში. 1967 წელს დაამთავრა საკავშირო პროკურატურის ორგანოთა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საგამომძიებლო მუშაკთა დახელოვნების ინსტიტუტი ქ.ლენინგრადში. 1974 წელს დაამთავრა საკავშირო პროკურატურის ხელმძღვანელ მუშაკთა უმაღლესი კურსები.

1965-1968 წლებში მსახურობდა ახალციხის გარნიზონის სამხედრო პროკურატურის გამომძიებლად; 1968-1972 წლებში მსახურობდა თბილისის გარნიზონის სამხედრო პროკურატურაში: გამომძიებლად, უფროს გამომძიებლად, სამხედრო პროკურორის თანაშემწედ; 1972-1975 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურორის თანაშემწედ; 1975-1988 წლებში მსახურობდა თბილისის გარნიზონის სამხედრო პროკურორად. ამ პროკურატურის ისტორიაში იყო პირველი ქართველი ეროვნების სამხედრო პროკურორი, რომელიც იყო დანიშნული თანამდებობაზე 3 ვადით (1975, 1980 და 1985 წწ.). 1988 წელს გავიდა თადარიგში წლოვანებით. 1989 წელს დაინიშნა გენერალური პროკურორის თანაშემწედ განსაკუთრებულ დავალებათა დარგში. 1989-1990 წლებში მუშაობდა მარნეულის რაიონის პროკურორად. 1990-1991 წლებში მუშაობდა გენერალური პროკურატურის საქმეთა სამმართველოს მორიგ პროკურორად.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თენგიზ სიგუას № 107 დადგენილებით 1991 წლის 15 თებერვალს დაინიშნა მუდმივი გაერთიანებული სამხედრო საბჭოს სამხედრო სპეციალისტ-ექსპერტად. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 9 აპრილის რეკომენდაციით, 1991 წლის 29 მაისს დაინიშნა გენერალური პროკურორის მოადგილედ - შინაგან ჯარებში - ეროვნულ გვარდიაში კანონების შესრულებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსად (მთავარი სამხედრო პროკურორის უფლებებით) და დამტკიცდა გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრად. 1991-1994 წწ. მუშაობდა გენერალურ პროკურატურაში საგამომძიებო სამმართველოს შს ორგანოებში მოკვლევაზე, გამოძიებაზე და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1994-1996 წწ. მუშაობდა ამიერკავკასიაში რუსეთის დაჯგუფების სამხედრო პროკურატურაში საგამოძიებო განყოფილების სამხედრო პროკურორად. 1988 წლის 1 თებერვალს სსრკ პროკურატურის ორგანოებში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისათვის დაჯილდოვდა ,,პროკურატურის საპატიო მუშაკის,, სამკერდე ნიშნით. კანონიერების განსამტკიცებლად ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობისათვის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1988 წლის 11 ნოემბერს მიანიჭა მას ,,საქართველოს სსრ დამსახურებული იურისტის,, წოდება. დაჯილდოებულია ,,წითელი ვარსკვლავის,, (1987) ორდენით -,, კანონიერების გამტკიცების და დამნაშავეობასთან ბრძოლაში გამოჩენილი დიდი დამსახურებისათვის,, და 10 მედლით. 38 ჯერ იქნა წახალისებული: თავდაცვის მინისტრის, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის, თბილისის გარნიზონის უფროსის, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურორის, თბილისის გარნიზონის სამხედრო პროკურორის ბრძანებებით და ფასიანი საჩუქრებით.

გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. თბილისში არის ჯემალ გოგიტიძის სახელობის ქუჩა. საფლავის ფოტო მოგვაწოდა შვილმა, ბატონმა მამუკამ.